 |
|
2006-11-15:
2006 წლის 15 ნოემბერს, 16:30-ზე მაგთიმ მოაწყო შეხვედრა მასმედიასთან საჭესთან მობილურის
გამოყენების აკრძალვის შესახებ კანონის თემაზე. შედგა კლიპის პრეზენტაცია.
მაგთის მიზანია, მობილური ტელეფონი ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში
იყოს აბონენტის უსაფრთხოების გარანტი, ამას კი ხშირად სათუოს ხდის მძღოლების
გარკვეული ნაწილის ჩვევა, გამოიყენოს მობილური ტელეფონი ავტომანქანის
მართვისას. ისინი არ აცნობიერებენ, რომ ამით საფრთხეს უქმნიან საკუთარ და სხვის
ჯანმრთელობას. "გვსურს, რომ ჩვენი მომსახურება აბონენტებისთვის მხოლოდ
კეთილდღეობის მომტანი იყოს. გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათი ინფორმირების
საკითხში, რათა ნაკლები იყოს ავტოსაგზაო შემთხვევები, ტრავმები. ამისათვის
გადავიღეთ სატელევიზიო კლიპი, ვავრცელებთ ბროშურებს. ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია,
საზოგადოებას გავაცნოთ მობილურის უსაფრთხოდ გამოყენების წესები." - ამბობს
მაგთიკომის გენერალური დირექტორი, დევიდ ლი. "მრავალ ქვეყანაში, მათ შორის
საქართველოშიც, ავტომობილის მართვისას მობილურით საუბარი კანონით არის
აკრძალული. ამ აკრძალვას სერიოზული მიზეზი აქვს: მობილურით მოსაუბრე მძღოლი ვერ
ახერხებს ყურადღების სათანადო კონცენტრაციას საგზაო მოძრაობაზე და რეაქციაც
შენელებული აქვს. კანონი საჭესთან მობილურით ლაპარაკის აკრძალვის შესახებ
ძალაში შევიდა 2006 წლის 28 აპრილს, თუმცა დარღვევები კვლავაც ხშირია. ამის ერთ-ერთი
მიზეზი შეიძლება იყოს საზოგადოების არაინფორმირებულობა. ამიტომ მივესალმებით
მაგთის ინიციატივას, ვიდეოკლიპის შექმნისა და ტელევიზიით მისი გაშვების
შესახებ, რათა საზოგადოებამ გააცნობიეროს, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს
კანონის დარღვევას." - აღნიშნავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გოგა გრიგალაშვილი.
მაგთი მოგიწოდებთ:
-
არასოდეს გამოიყენოთ მობილური მანქანის მართვისას, გახსოვდეთ,
ეს საშიშია! - გადადეთ საუბარი, თუ აუცილებელი არ არის. - თუ დარეკვა აუცილებელია,
შეაჩერეთ მანქანა და მხოლოდ შემდეგ დარეკეთ. - მაშინაც კი, როდესაც
მობილურით საუბრისას იყენებთ Hands Free ან Bluetooth ტექნოლოგიებს, ყურადღება მაინც
გეფანტებათ, ამიტომ აუცილებლად უნდა შეაჩეროთ მანქანა და ისე დარეკოთ. - ნუ
დაიწყებთ ტელეფონის ნომრის აკრეფას მანქანის ტარების მომენტში! - არ გააგზავნოთ
მოკლე ტექსტური შეტყობინება მანქანის ტარების დროს, თქვენი მზერა მუდამ
გზისკენ უნდა იყოს მიმართული და აკონტროლებდეს მას! - მართვის დროს ნუ ისარგებლებთ
მობილური ინტერნეტით ან რაიმე სხვა სერვისით. - ნუ ჩაინიშნავთ
ინფორმაციას, ნუ ჩაიწერთ ნომრებს _ თქვენი ხელები საჭეს უნდა მართავდნენ! გზიდან
ყურადღების გადატანა, თუნდაც მცირე ხნით, ძალზე სახიფათოა - 50კმ/სთ სიჩქარით
მოძრავი ავტომანქანა წამში 14 მეტრს გადის!
ავტომანქანის მართვისას ნუ
ისარგებლებთ მობილურით!
მობილური ტელეფონი მუდამ უნდა იყოს თქვენი
სიმშვიდისა და უსაფრთხოების გარანტი!



|